პეკინის განცხადებით, ბაიდენისა და სი ძინპინის მოლაპარაკებები "უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით" ჩინეთის პოზიციას არ შეცვლის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინს შორის სან-ფრანცისკოში გამართული მოლაპარაკებები არ შეცვლის პეკინის პოზიციას გრძელვადიან საერთაშორისო და რეგიონულ კრიზისებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩინეთის პოზიციას „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.“ ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხუთშაბათს, 16 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იტყობინება Ukrinform-ი.

სპიკერის თქმით, მოლაპარაკებების დროს ჩინეთმა და აშშ-ის ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის "უკრაინის კრიზისსა" და "პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე."


„ჩინეთის პოზიცია ორივე საკითხზე მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის მხარეს და ვრჩებით მოწოდებულნი მშვიდობისა და დეესკალაციისთვის მოლაპარაკებების ხელშეწყობისკენ," - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა

15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს.


გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ჩინეთმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ჩინეთი არ გმობს რუსეთის ქმდებას და არც შეჭრას უწოდებს მას.

პეკინი აცხადებს, რომ იარაღს არცერთ მხარეს არ მიაწვდის, თუმცა პეკინი ასევე აგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას და გაფართოებას მოსკოვთან. მან აგრესორ ქვეყანასთან გასული წლის განმავლობაში რეკორდულ დონემდე გაზარდა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთი რუსეთთან ასევე ავითარებს თანამშრომლობას სხვა სფეროებში.